logo
ENG



ლომჯარია აცრაზე: არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერებას, ეს ბოროტებაა 

25 ნოე 202120:08
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია აცრაზე: არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერებას, ეს ბოროტებაა 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გამოიყენოს და 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. 

როგორც ლომჯარია ამბობს, არ შეიძლება უფროსი თაობა ტანჯვისთვის გაწირონ და პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს.

ომბუდსმენის თქმით, მისი მშობლები კოვიდინფიცირებულები არიან და მკურნალობას კლინიკაში გადიან, თუმცა ისინი აცრილები არიან და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის... უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!", - წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, "დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ". მისი თქმით, "საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ". 

 


close დახურვა